logo
ENG



"არ ვაპირებ გადადგომას" - ბერაია ელისაშვილს, რომელმაც სირცხვილი უწოდა პოსტზე მის დარჩენას

13 ნოე 202314:00
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას მიმართა და კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ის ქალი ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მიმართ უღირსად მოიქცა და სირცხვილია ამ შეურაცხყოფის შემდეგ მისი თანამდებობაზე დარჩენა.

"ამ ოთახში განსაკუთრებით მიყვარდა ხოლმე მუშაობა, იმიტომ რომ ღირსეული ხალხის ფოტოები ჰკიდია, ვინც ამ ქვეყანას ემსახურებოდა - კვინიკაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მაზნიაშვილი. სირცხვილია, ირაკლი, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. უღირსი საქციელი როცა ჩაიდინე, მაშინ უნდა გეფიქრა, ვინ გექაჩებოდა ენაზე, იმ საზიზღრობებს რომ აყრანტალებდი, შესაბამისად, ვერ გაგრძელდება აქ ჯანსაღად სიტუაცია, სანამ იქნები ჩაბღაუჭებული თანამდებობას, როგორც ახლა იქცევი. ყოველ სხდომაზე შეგახსენებ, რომ სირცხვილია ყოველი დღე, როდესაც ატარებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, იმიტომ რომ აქ ღირსება უნდა იგრძნობოდეს და ახლა არ იგრძნობა, დაკარგულია, შენი უღირსი საქციელის გამო, ირაკლი ბერაია", - თქვა ელისაშვილმა სხდომაზე.

ამ მიმართვის შემდეგ ელისაშვილმა დარბაზი დატოვა, ირაკლი ბერაიამ კი თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს. მან ოპოზიციონერ დეპუტატებს კვლავ შეურაცხყოფა მიაყენა და თქვა, რომ "არ მოსთხოვს ბოდიშის მოხდას, რადგან თვლის, რომ მათი აზროვნება ამას ვერ შესწვდება".

"რა თქმა უნდა, ის სამწუხარო გამონათქვამი, რაც ჩემს მიერ იქნა გაჟღერებული პლენარულ სხდომაზე, ვფიქრობ, რომ არ უნდა თქმულიყო და შესაბამისად, ამ თემაზე მეტ დეტალიზაციას მე არ ვაპირებ. ყველაფერი არის ნათქვამი და ასევე იმასაც ვიტყვი, ყველას ვეტყვი, ყველას გასაგონად, რომ გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ. ეს ყველამ მინდა კარგად გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ, მანამ სანამ მეც და ჩემი გუნდი ვთვლით, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს, ჩემი პოზიცია არის ასეთი და ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს. [...] მე თქვენ და თქვენს ზოგიერთ კოლეგას ნამდვილად არ მოვთხოვ ბოდიშის მოხდას, იმიტომ რომ ვთვლი, რომ თქვენი აზროვნება ამას ვერ შესწვდება, ამიტომ დავასრულოთ ამაზე საუბარი", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

***

31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძი" უწოდა.

რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება". 

გამოსვლის ბოლოს ბერაიამ აქუბარდიას ასე მიმართა: "მოვუწოდებ მე ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.

მოგვიანებით, ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის თეონა აქუბარდიამ მოითხოვა, რომ ირაკლი ბერაიამ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტი დატოვოს.


close დახურვა